საქართველო-სომხეთის საზღვრის სიახლოვეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
17:07 საათზე 4.3 მაგნიტუდის ბიძგები საზღვრიდან 26 კმ-ში, 8 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ შეტყობინება არ შესულა.
საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა დღეს დილითაც მოხდა. ამ შემთხვევაში მაგნიტუდა 3.9 შეადგენდა. ყველაზე დიდი 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა კი აზერბაიჯანში გუშინ თბილისის დროით, 22:40 წუთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ.-ში დაფიქსირდა.
მიწისძვრა იგრძნობოდა თბილისშიც. მიწისძვრის შედეგად, სახლები და სხვადასხვა ობიექტი დაზიანდა აზერბაიჯანში, ზაქათალას რაიონში.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მიწისქვეშა ბიძგებმა ზაქათალას რაიონის მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.
რეგიონული მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, ზიანი მიადგა საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს, სახლების კედლებზე გაჩნდა ბზარები. ამასთან, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიწისძვრის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებს 31-მა ადამიანმა მიმართა. 63 წლის მამაკაცი კი გულის შეტევით გარდაიცვალა.