სტიქია კახეთში

კახეთში მესამე დღეა, სტიქიას ებრძვიან. სეტყვისგან მიყენებული ზარალის დათვლა გურჯაანის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ათამდე სოფელში დილიდან დაიწყო. მერიის შესაბამისმა კომისიამ ყველა დაზარალებული ოჯახი უნდა შეისწავლოს. გუშინ მოსულმა სეტყვამ თითქმის სრულად გაანადგურა ვენახები, სახნავ სათესი ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი, დაზიანებულია ავტომობილები.

განსაკუთრებული ზიანი მიადგა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთს. 150 ოჯახს საცხოვრებელი სახლის სახურავები მთლიანად დაუზიანდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახურავიდან ჩამოჟონილმა წყალმა დააზიანა საყოფაცხოვრებო ნივთები.

მოქალაქეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. გურჯაანის მერი აცხადებს, რომ ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სტიქიით გამოწვეულ ვითარებას, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც გაეცნო.