სანქციების პოლიტიკა – ევროკომისიის შეთავაზება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს
დიდი ალბათობით ყულევის ტერმინალს ევროკავშირის სასანქციო სიიდან ამოიღებენ.
შესაბამისი შეთავაზებით ევროკავშირის ქვეყნებს ევროკომისია მიმართავს და საკუთარი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ბრიუსელმა სასანქციო პაკეტიდან ამოსაღებად ტერმინალისთვის დაკისრებული ვალდებულება შესრულებულად ჩათვალა. თავის დროზე, ანუ ივლისში ევროკომისიამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ 21-ე სასანქციო პაკეტში დათქმით შეიტანა და მის მიმართ სანქციების ამოქმედების ვადად ექვსთვიანი პერიოდი განსაზღვრა. მაშინ ბრიუსელი ტერმინალის მხრიდან რუსული ნავთობის გადამუშავებაზე მიუთითებდა, უკვე დღეს კი რუსული ნავთობის ლიბიურით ჩანაცვლებაზე საუბრობს. სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავების დაწყებას ტერმინალის მფლობელი კომპანია „ბლექსი პეტროლიუმი“ ჯერ კიდევ სანქციების დაწესებამდე აანონსებდა. ევროკომისიის შეთავაზებას საქართველოში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციებისთვის გვერდის ავლის ბრალდება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა, მათ შორის ყულევის ქარხნის კონტექსტშიც. ტერმინალის სასანქციო პაკეტიდან ამოღების გეგმა უსამართლო დამოკიდებულების და ორმაგი სტანდარტის კიდევ ერთი გამოვლინებაა ხელისუფლებისთვის, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ყულევის მიმართ სანქციის გავრცელების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა.