საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში 

21:11, 24.11.2026

ბოლო ორ კვირაში საქართველოს მეორე ვიცე-პრემიერის შეხვედრები აზერბაიჯანში.

მარიამ ქვრივიშვილის შემდეგ ბაქოში მაკა ბოჭორიშვილი იმყოფება. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ეს მეზობელ ქვეყანაში მისი მეორე ოფიციალური ვიზიტია. ცოტა ხნის წინ საგარეო უწყების ხელმძღვანელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მიიღო. სტრატეგიული პარტნიორები ინტენსიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების და მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე შუა დერეფნის მარშრუტის ათვისებაშიც აქტიურად არიან ჩართულები. სწორედ ეს მიმართულება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ერთობლივად განვითარება იყო დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა. ილჰამ ალიევმა და მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში არსებული ვითარება, გლობალური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე კოორდინაცია განიხილეს. ბოლო წლებში მეზობელ ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთობის ინტენსიობითაა გამორჩეული, რასაც გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები და მარტო წელს ხელმოწერილი რამდენიმე ენერგეტიკული და სატრანსპორტო შეთანხმება მოწმობს. ორივე მხრიდან გზავნილია, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს.

მსგავსი