არა ქიმიურ ტერმინალს, ნუ დანაღმავ ბათუმს, – ამ ლოზუნგებით, ბათუმის პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეთა ჯგუფი პორტში დაგეგმილი მინერალური სასუქების გადამტანი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ადგილზე ქიმიური ნივთიერებების ტრანსპორტირება დაიწყება, რაც საკურორტო ქალაქს ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.
მშენებლობის დაწყება გაზაფხულისთვის იგეგმება. ცენტრალური აზიიდან ევროპაში მინერალური სასუქების, კერძოდ, კარბამიდის გადაზიდვა მოხდება.
მშენებლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ამერიკული კორპორაცია აპირებს. პორტის ადმინისტრაციის ცნობით, ტერმინალის ამოქმედების შემდეგ, პორტის ტვირთბრუნვა მილიონ 200 ათასი ტონით გაიზრდება.