ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული ათი დრონი და ერთი რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინელებმა მტრის საჰაერო თავდასხმის 17 საშუალება დააფიქსირეს. ამასთან, ხარკოვის ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, რომ ღამით საოკუპაციო ძალებმა საავიაციო ბომბებით ხარკოვზე იერიში ორჯერ მიიტანეს.
დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სასწავლო დაწესებულებაში და დაზიანდა პოლიკლინიკის შენობა. გუშინ საღამოს სამი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის ძალების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დაბომბვას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ღამით 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მათივე ცნობით, დრონებით იერიში რუსეთის შვიდ ოლქზე განხორციელდა. უკრაინის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ მათი სამხედროები ფრონტის საკვანძო მონაკვეთებზე პოზიციებს ინარჩუნებენ.