საომარი მოქმედებები ბახმუტსა და ბელგოროდში

ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ბელგოროდიდან.

უკრაინის მოსაზღვრე რუსული ოლქი მოვლენების ეპიცენტრში ექცევა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ადგილზე რუსეთის მოქალაქეთა მოხალისეთა კორპუსი და ლეგიონი შეიქმნა, რომელიც უკრაინის მიმართულებით თავდასხმების დასაბლოკად დემილიტარიზებულ ზონას ქმნის და უკრაინელების დასახმარებლად იბრძვის. თავის მხრივ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინიდან შეჭრილ დივერსანტთა ჯგუფზე და ოლქის სხვადასხვა წერტილში მომხდარ აფეთქებებზე საუბრობს რუსეთის თავდაცვის უწყება.

ბელგოროდის მსგავსად, სხვადასხვა ცნობა ვრცელდება დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდანაც, რომლისთვისაც ახლა გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს. რუსული მხარე პრაქტიკულად მიწასთან გასწორებულ სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქს აღებულად აცხადებს, ბახმუტზე რუსეთის მხრიდან კონტროლის დამყარებას არ ადასტურებს ოფიციალური კიევი.