სამყარო არის ის ყველაფერი, რასაც შეგვიძლია შევეხოთ, შევიგრძნოთ, გავზომოთ ან დავაფიქსიროთ. მოიცავს ცოცხალ არსებებს, პლანეტებს, ვარსკვლავებს, გალაქტიკებს, მტვრის ღრუბლებს, სინათლეს და დროსაც კი. სამყაროს დაბადებამდე არ არსებობდა დრო, სივრცე და მატერია.
სამყაროში მილიარდობით გალაქტიკაა; თითოეულ მათგანში კი მილიონობით ან მილიარდობით ვარსკვლავია. ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს შორის სივრცე დიდწილად ცარიელია. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავებისგან შორეულ სივრცეშიც კი არის მიმოფანტული მტვრის ნაწილაკები ან წყალბადის რამდენიმე ატომი ყოველ კუბურ მეტრზე. ამას გარდა, კოსმოსი ასევე სავსეა რადიაციით, მაგნიტური ველებითა და მაღალენერგიული ნაწილაკებით; რადიაციაა სინათლე და სითბოც.
სამყარო წარმოუდგენლად დიდია. თანამედროვე ავიაგამანადგურებელს მზის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავამდე მისაღწევად მილიონი წელიწადი დასჭირდებოდა. სინათლის სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ანუ წამში 300 000 კილომეტრით მოძრაობისას, ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად მას 100 000 წელიწადი დასჭირდებოდა.
სამყაროს ზუსტი ზომა არავინ იცის, რადგან ჩვენ მის კიდეებს ვერ ვხედავთ, თუ მას ასეთი რამ საერთოდ აქვს. ყველაფერი, რაც ვიცით, არის ის, რომ ხილული სამყაროს დიამეტრი სულ მცირე 93 მილიარდი სინათლის წელია. სინათლის წელი კი არის ის მანძილი, რომელსაც სინათლე ერთ წელიწადში გაივლის, ანუ დაახლოებით 9 ტრილიონი კილომეტრი.
სამყაროს ყოველთვის ერთი და იგივე ზომა არ ჰქონია. მეცნიერებს სჯერათ, რომ ის დიდი აფეთქების შედეგად, დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ გაჩნდა. მას შემდეგ სამყარო გარე მიმართულებით გაფართოვდა ძალიან მაღალი სიჩქარით. გამომდინარე აქედან, სამყაროს ის სივრცე, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ, მილიარდობით უფრო დიდია, ვიდრე მაშინ, როცა სამყარო ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. ერთმანეთს შორდებიან გალაქტიკებიც, რადგან სამყაროს გაფართოებასთან ერთად, იზრდება მათ შორის არსებული სივრცე.