16 წლის არასრულწლოვნის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პირის ადვოკატი, მშენებლობაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაში საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას კატეგორიულად უარყოფს.
ბაჩუკი ქირია, რომელიც სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ ხელმძღვანელის უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ რეალური დამნაშავე დღემდე დაკავებული არ არის. მისი განცხადებით, კონტრაქტორმა კომპანიამ სამშენებლო ობიექტზე სამუშაოები „ჯევიკე ჰოსპიტალიტთან“ ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმებამდე დაიწყო. ადვოკატის თქმით, სწორედ აღნიშნულმა და არა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა კომპანიამ გაუფორმა ხელშეკრულება არასრულწლოვანს, რომელიც სამი დღის წინ, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.
სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორი შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა. ობიექტზე დარღვევების არსებობას ადასტურებს შრომის ინსპექციაც.