ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება

ვაკის პარკში დაგეგმილი სადავო მშენებლობის გარშემო მრავალწლიანი ვნებათაღელვა და დავა ფინანსური შეთანხმებით დასრულდა.

კომპანია, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს გაცემული ნებართვის საფუძველზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“ უნდა აეშენებინა, ადგილმონაცვლეობის სახით თითქმის სამი მილიონი დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს მიიღებს. საუბარია ლისის ტბასთან და კრწანისის რაიონში მდებარე მიწებზე. უცნობია, შეცლის თუ არა საინვესტიციო გეგმას კომპანია, რომელიც დედაქალაქის მთავრობისგან ექვს მილიონამდე დოლარის ღირებულების ნაკვეთებს ითხოვდა. შეთანხმებას წინ სასამართლო პროცესები და გარემოს დამცველთა აქციები უძღოდა, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო. იყო სამშენებლო სამუშაოების დაწყების რამდენიმე მცდელობაც, რაც მწვავე პროტესტის შედეგად შეჩერდა.