სამების საკათედრო ტაძრიდან დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 პირი. ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ. 21 დაღუპული სამხედროა, ორი კი მშვიდობიანი მოქალაქე. მათგან 17 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. შეიარაღებული მოქმედებების დროს დაკარგული პირების იდენტიფიცირება და ნეშტების გადმოსვენება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხდა.