აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებაზე, კოტბუსის საერთაშორისო ფესტივალზე, ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“, რომლის თანაპროდიუსერიც საქართველოს პირველი არხია, სამი პრიზი მოიპოვა. საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში ლევან თედიაშვილმა გაიმარჯვა. ფილმმა ასევე „ფიპრესის“ და ეკუმენიური პრიზები მოიპოვა.
ახლა ქართველი რეჟისორის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ გაიგზავნება. ფილმი ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი, საქართველოს პირველი არხია. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე.
ფილმი „ოსკარზე“ საქართველოდან საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.