სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურება ჩატარდა

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ღვთისმსახურებას დღეს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციაც დაესწრო, რომლის შემადგენლობაშიც ორი მიტროპოლიტია.

წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა საპატიო სტუმრებს ამბიონიდან მიმართა და ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მიტროპოლიტმა ემანუელმა და სმირნის მიტროპოლიტმა ბათლომეუსმა კი ილია მეორეს მსოფლიო პატრიარქის მოკითხვა გადასცეს და აღნიშნეს, რომ მსოფლიო საპატრიარქო ქართული ეკლესიის მხარდამჭერია.

ილია მეორემ სტუმრებს საჩუქრად ხატები გადასცა. დელეგაციის წევრები გუშინ უკვე შეხვდნენ კათოლიკოს-პატრიარქს. მათი ჩამოსვლა, სავარაუდოდ, უკრაინის ეკლესიაში მიმდინარე პროცესს უკავშირდება.

დელეგაცია თბილისს ხვალ დატოვებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს სინოდის სხდომაა ჩანიშნული.