სამაშველო ოპერაციის დასკვნითი ფაზა ტაილანდში

ტაილანდში მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვების გამოსაყვანად ოპერაციის დასკვნითი ფაზა დაიწყო.

ტაილანდის მთავრობა პირობას დებს, რომ დღეს მღვიმეში დარჩენილ ყველა პირს გამოიყვანენ. როგორც სამაშველო ოპერაციის საგანაგებო შტაბში აცხადებენ, გამოქვაბულში მყვინთავები დილის ათ საათზე შევიდნენ და თითოეული ბიჭის გამოყვანას დაახლოებით 6 საათს მოანდომებენ.

როგორც მისიის ხელმძღვანელი პირები ამბობენ, დღეს მღვიმეში მყოფ ოთხ ბიჭს და მათ მწვრთნელსაც გამოიყვანენ. ოპერაცია გუშინდელთან შედარებით უფრო ხანგრძლივი იქნება, რადგან მღვიმე უნდა დატოვონ ასევე მაშველებმა, ექიმმა და მათთან მყოფმა საზღვაო ქვეითებმა.

პარალალურად ცნობილი გახდა, რომ გადარჩენილი ბავშვების ნაწილი მშობლებმა მოინახულეს. მათ საავადმყოფოში მყოფი შვილები შუშის მიღმა აჩვენეს. მთავრობა კვლავ არ ასახელებს მღვიმედან გამოყვანილი ბავშვების ვინაობას.

შეგახსენებთ, ტაილანდში ბავშვების მღვიმიდან გამოყვანის ოპერაციის მესამე და გადამწყვეტი ფაზა დღეს დილით დაიწყო. ბავშვების გამოსაყვანად გამოქვაბულში 19 მყვინთავი შევიდა.