საფრანგეთის ქალაქებში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დემონსტრაციებში 368 ათასამდე მოქალაქე მონაწილეობდა. პარიზში პოლიციამ მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ფოერვერკები და სხვა საგნები ესროლეს, დაწვეს ნაგვის ურნები და გზებზე ბარიკადების აღმართვა სცადეს. დაკავებულია 12 ადამიანი. საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები იანვრიდან იმართება. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივა საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. გუშინ გვიან, ღამით სენატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა ინიციატივა პარლამენტის ქვედა და ზედა პალატების ერთობლივმა კომიტეტმა უნდა განიხილონ და ტექსტის შეთანხმების შემთხვევაში, რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო კენჭისყრა ორივე პალატაში მომავალ კვირას არის დაგეგმილი. თუმცა, ეროვნულ ასამბლეაში მაკრონის პარტიას ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად სჭირდება მოკავშირეები.