დღეს რუსული რბილი ძალა საკმაოდ ხისტ მოქმედებებზე გადავიდა. მიმდინარე მოვლენები და შემდგომი რეაგირება კრემლის მხრიდან ერთ-ერთი „ჩვეული“ ბერკეტია, რომელსაც ის სადამსჯელო სანქციებისთვის იყენებს, თუმცა, ამჯერად, განცხადებებით მხოლოდ კრემლი არ შემოფარგლულა და თუ რუსულ სამხედრო მიმოხილვას გადავავლებთ თვალს, კადიროვის განცხადება სულაც არ ჰგავს შემთხვევითს.
რუსული სამხედრო მანქანა, გარდა იმისა, რომ გადაიარაღების მორიგ ეტაპს გადის, დროში და სივრცეში საკმაოდ თანმიმდევრულად მიჰყვება იმ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს და თუ ყურადღებით გავეცნობით სამხედრო მიმოხილვას, სულაც არ იქნება ძნელი მისახვედრი, თუ მიმართულების რა ვექტორს მიჰყვება ის.
რუსული საინფორმაციო პორტალი „სამხედრო მიმოხილვა“ ჩვენთვის რამოდენიმე საყურადღებო ცნობას სთავაზობს მკითხველს. სამზე გავამახვილებთ ყურადღებას, საიდანაც, ჩვენი აზრით, ორი უშუალო შეხებაშია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან:
18 ივნისს სახელმწიფო დუმამ მხარი დაუჭირა პუტინის ინიცირებულ კანონპროექტს, რომ რუსეთმა შეაჩეროს თავისი მონაწილეობა ხელშეკრულებაში საშუალო და მცირე რადიუსის მქონე რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებას 1987 წლის 8 დეკემბერს, ვაშინგტონში, ხელი მოაწერეს მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა და ის ძალაში 1988 წლის 1 ივნისიდან შევიდა. ამგვარად, დოკუმენტი ძალაშია 30 -ზე მეტი წლის განმავლობაში და კრძალავდა 500-დან 5,5 ათას მეტრამდე მოქმედების რადიუსის მქონე სახმელეთო ბაზირების მქონე რაკეტების გამოყენებას. მაშინ, ორივე მხარე შეთანხმდა ასეთი რაკეტების სრულ განადგურებაზე. სახელმწიფო დუმის 18 ივნისის გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, პასუხია აშშ-ს ანალოგიურ გადაწყვეტილებაზე, თუმცა ამერიკის ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო რუსეთის მიერ ახალი, 9М729 რაკეტის წარმოებით, რომელიც, აშშ ექსპერტების მოსაზრებით, არღვევს ხელშეკრულების პირობებს. ამ ვითარებაში, კითხვა, რომელიც წინა პლანზე (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის მაინც) იწევს, შემდეგია: რა ახალი გამოეწვევების წინაშე დააყენებს ამ შეიარაღებაზე შეზღუდვების არარსებობა რუსეთის უშუალო სამეზობლოს?
მეორე ცნობა უფრო საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ჩვენთვის საკმაოდ განყენებულ თემას, რუსეთის კოსმონავტების სპეციალურ მომზადებას ეხება. საქმე იმაშია, რომ ამ მომზადებას რუსი კოსმონავტები ჩეჩნეთში გაივლიან, გუდერმესში არსებული სპეციალური ძალების უნივერსიტეტის ბაზაზე. ამის შესახებ რამზან კადიროვთან შეხვედრაზე განაცხადა იური გაგარინის სახელობის კოსმონავტების მომზადების ცენტრის ხელმძღვანელმა პაველ ვლასოვმა, რომელიც ჩეჩნეთში თავის პირველ მოადგილესთან, იური მალენჩენკოსთან ერთად იმყოფება. აქ კოსმონავტები, თავის ძირითად კურსთან ერთად, მთიან რელიეფში სიცოცხლის შენარჩუნების კურსსაც გაივლიან. ცნობა საინტერესოა იმდენად, რომ აქედან ვიგებთ, რომ საქართველოს საზღვრიდან, სადღაც 120-130 კილომეტრში განლაგებულია რუსეთის სპეცდანიშნულების ძალების უნივერსიტეტი, მეტად სერიოზული დაწესებულება იმისთვის, რომ მისი არსებობის იგნორირება ჭკვიანური სვლა იყოს.
და ბოლოს მესამე ცნობა უშუალოდ ჩვენ არ გვეხება, თუმცა თავისთავად საინტერესოა, ვინაიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების განვითარების უახლოეს პერსპექტივას ეხება. „ალმაზ-ანთეის“ გენდირექტორის პირველი მოადგილის, სერგეი დრუზინის სიტყვებიდან ცნობილი ხდება С-500-ის ( „პრომეთე“) მუშაობის დიაპაზონის შესახებ. დრუზინი აღნიშნავს რომ ამ რაკეტებს სამიზნეების საკმაოდ ფართე სპექტრი გააჩნია, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის ბალისტიკური მიზნების წინააღმდეგ და შეუძლიათ იმოქმედონ ატმოსფეროს გარე სივრცეშიც. სწორედ ეს ვითარება, ატმოსფეროს გარეთ მუშაობის შესაძლებლობა წარმოადგენს С-500-ის უნიკალურ მახასიათებელს. ერთი პერიოდი ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ საზენიტო-სარაკეტო კომლექსზე С-500-ზე მუშაობა თურქეთთან ერთად იწარმოებს, თუმცა, ამჟამად, ამ თემაზე არაფერი არ ისმის.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.