რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები დღეს დილიდან ხაზზე სამუშაოდ არ გავიდნენ და აცხადებენ, რომ გაიფიცნენ. მძღოლები მიზეზად მგზავრთა ნაკადის სიმცირესა და მაღალ გადასახადს ასახელებენ.
მათი განმარტებით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, მგზავრების რაოდენობამ იკლო.
ამიტომ ყოველდღიური გადასახადის 70 ლარიდან 50 ლარამდე შემცირებას ითხოვენ.
კომპანია „ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან.
რაც შეეხება მგზავრებს, კომპანიამ სხვა ალტერნატიულ ხაზებზე სამარშრუტო ტაქსები დაამატა, რათა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნას.