რეპრესირებულთა სამარხი

ხელვაჩაურის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, 1937-38 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოჩნდა, დილიდან რამდენიმე რეპრესირებული პირის შთამომავალი მივიდა და ტერიტორიაზე შესვლა ითხოვა. ისინი აცხადებენ, რომ ეპარქიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ, გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ და დნმ-ის ანალიზსა და განმარტებებს ითხოვენ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ამ დრომდე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, რეპრესირებულთა საერთო სამარხში აღმოჩენილ ნეშტებს 21 აპრილს პატივით დაკრძალავენ. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. ტერიტორიაზე ბოლშევიკური რეპრესიების დროს, სტალინური სიების მიხედვით, დახვრეტილი მოქალაქეების ნეშტები იპოვეს.