შეხვედრა რამშტაინის სამხედრო ბაზაზე

უკრაინის 50 პარტნიორი ქვეყანა კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე შეთანხმდა.

გერმანიაში რამშტაინის სამხედრო ბაზა ლიდერთა შეკრების ადგილი იყო. აშშ-მა და ევროპის ქვეყნების ნაწილმა უკვე გამოაცხადეს, თუ რა სახის შეიარაღებას გადასცემენ უკრაინას უახლოეს მომავალში. თუმცა, დღევანდელ შეხვედრაზე ღიად დარჩა და ამ დრომდე საკამათო საკითხია გერმანული წარმოების ტანკები  – „ლეოპარდები“, რომელთა გადაცემის მიზანშეწონილობაზე ბერლინში ჯერ კიდევ მსჯელობენ. „დრო არ ითმენს, აუცილებელია ტანკების საკითხზე ვაჭრობა შეწყდეს“, – ასეთია ზელენსკის მთავარი გზავნილი. დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა ტანკებთან ერთად თანამედროვე თვითმფრინავების და შორ მანძილზე მოქმედი არტილერიის მიწოდებაც სთხოვა.