ღია კარის დღეები სამხედრო ბაზებზე

თავდაცვის ძალების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ღია კარის დღეები გაიმართა. ვაზიანში, სენაკში, გორში, თელავსა და ახალციხეში მდებარე სამხედრო ბაზებს იმ საჯარო სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ, სადაც პილოტირების რეჟიმში საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ისწავლება. მოსწავლეებმა სამხედრო ბაზის ტერიტორია დაათვალიერეს და სხვადასხვა სახის შეიარაღების სისტემებზე ინფორმაცია მიიღეს. მსგავსი სახის პრაქტიკული მეცადინეობები საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოების“ შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანია, მოსწავლეები ადგილზე გაეცნონ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ჯარისკაცის ინდივიდუალური აღჭურვილობა და საბრძოლო საშუალებები, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკის სისტემები, პირველი დახმარების აღმოჩენის საკითხები. სასწავლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ თავდაცვის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობით შემუშავდა. საგანი პილოტირების რეჟიმში საქართველოს მასშტაბით 21 საჯარო სკოლაში ისწავლება.