რა ვითარებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი, ვინ ამოიცნო საქმის მთავარმა მოწმემ და მონაწილეობდნენ თუ არა ავტომაგისტრალზე მომხდარ ჯგუფურ ძალადობაში მოქმედი სპორტსმენები - გამოძიების ვერსია, მხარეთა პოზიციები და გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი საექსპერტო დასკვნის მოლოდინში
მცხეთაში მომხდარ გახმაურებულ და ბუნდოვანებით მოცულ ამბავს ამ ეტაპზე 17 ფიგურანტი ჰყავს. ყველა მათგანი დაკავებულია.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე აყვანილ ახალგაზრდებს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიების მასალების მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელს მისდევდნენ, რის გამოც მდინარე არაგვის კალაპოტისკენ გაიქცა, თუმცა ისევ არ არის დადგენილი, მდინარეში ნაპოვნი სპორტსმენი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, თუ მოკლეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც დაბადების დღის წვეულებაზე მყოფები, ასევე ის პირები, რომლებიც აგარაკზე და ავტობანზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ თბილისიდან ჩავიდნენ.
ცოტა ხნის წინ დაკავებულებთან სახელმწიფო ინსპექტორი შევიდა.