რა ბედი ელის ტიტულოვანი ჩოგბურთელის კარიერას - არსებობს თუ არა რეალური მტკიცებულებები ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ
ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის გარშემო აგორებული სკანდალი მეორე დღეა, განხილვის მთავარი თემაა.
ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ნიკოლოზ ბასილაშვილი კამერებთან ჯერ არ გამოჩენილა, ისევე როგორც ნელი დოროყაშვილი, რომელიც პრეს-კონფერენციას დღეს გეგმავდა, თუმცა მედიასთან შეხვედრა გადადო.
ავჭალაში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც დოროყაშვილის მტკიცებით, 21 მაისს ყოფილმა ქმარმა მასზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა, სათვალთვალო კამერებია. ამოღებულია ვიდეო-ჩანაწერი, რომელმაც ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მას ახლა გამოძიება იკვლევს. ცნობილი სპორტსმენი ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ თავადაც აპირებს სამართლებრივი დავის დაწყებას. ცვლილებები შედის იმ მორიგების აქტშიც, რომელიც ცოლ-ქმრის განქორწინების შემდეგ გაფორმდა.