უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების კუთხით საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ მუშაობას იწყებს. სწორედ დროებითი სამუშაო ადგილების მოძიება იქნება უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი მომავალ წელს.
რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა დღეს 2018 წელი შეაჯამა და მედიას 2019 წლის საგარეო პრიორიტეტები გააცნო. მათ შორისაა ამერიკასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და ევროინტეგრაცია.
მომავალი წელი დატვირთული იქნება მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტებით. საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივანი ჩამოდის, იგეგმება კონფერენციაც, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.