ერთთვიანი მარხვის შემდეგ, ქართველმა მუსლიმებმა რამადან ბაიარამი აღნიშნეს. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში, სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. ლოცვა მათ დისტანციის დაცვით და პირბადეებით შეასრულეს.
19 მარტის შემდეგ დღემდე, მეჩეთებში ჯგუფური ლოცვები შეჩერებული იყო. ბაირამის დღესასწაულზე, პანდემიის პირობებში, მუსლიმი მრევლი ორთაჯამეში პირველად შეიკრიბა. მათმა ნაწილმა ლოცვა ისევ ქუჩაში შეასრულა.
დღესასწაული აღნიშნეს მარნეულში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმაც. ლოცვა მეჩეთებში რეკომენდაციების დაცვით, მკაცრი დისტანციით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ მუსლიმური სამყარო დღეიდან, სამი დღის განმავლობაში, რამადან ბაიარამის დღესასწაულს იზეიმებს.