შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეები უმოკლეს დროში გაათავისუფლეს. უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციას ორი მესაზღვრე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს, 12:00 საათზე გადმოსცეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობისა და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ორი მესაზღვრე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს, 12:00 საათზე გადმოსცეს. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე მიმდინარე წლის 27 ივნისს, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა, დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად.
გარკვეული დროის შემდეგ, მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა, რის შემდეგაც დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. პარალელურად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ დადგინდა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.