აქცია ლაგოდეხში

საზამთროს და ნესვის რეალიზაციის პრობლემის გამო, ათობით ფერმერმა ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტა. ფერმერების თქმით, ბაღჩეულის რეალიზების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით საზამთროსა და ნესვის იმპორტი განხორციელდა. ფერმერები ამბობენ, რომ ტონობით საზამთრო მოიყვანეს, კილო საზამთროს გასაყიდი ფასი 50 თეთრია, თუმცა მოწეულ პროდუქციას აღარავინ ყიდულობს.

მათი განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობამ მოსავალი ბანკიდან აღებული კრედიტით მოიყვანა, ახლა კი საბანკო ვალდებულებების გადახდა გაუჭირდებათ. ფერმერები ხელისუფლებისგან საზამთროსა და ნესვის იმპორტის შეჩერებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებს ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია.