„ქართული ოცნების“ შეფასება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩოს განცხადებას შეფასებები მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდანაც. მათი განცხადებით, არსებულ კითხვებზე პასუხების მისაღებად ამერიკის საელჩოს დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან. როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, ცვლილებების მიზანი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნის შესრულება და პრევენციული ზომების გატარება იყო, კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა კი, ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა. რაც შეეხება ამერიკის საელჩოს განცხადებას, მასში ნათქვამია:  „ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო, ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით.” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. გუშინ პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა 48 საათიდან 24 საათამდე შემცირდა და 4 500 ლარამდე გაიზარდა სანქცია წვრილმანი ხულიგნობის, სამართალდამცველს მიმართ დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში.

მოამბე