უძველესი ქართული კარიკატურების ნაწილი ონლაინ-ფორმატში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება.
ეროვნულმა არქივმა 1910-20-იანი წლების პრესაში დაბეჭდილი ცნობილი ადამიანების შარჟები ციფრულ ფორმატში გადაიყვანა. ონლაინ-კოლექცია კარგად ასახავს, თუ როგორ ვითარდებოდა დროსთან ერთად ქვეყანაში ეს ჟანრი და რა ტიპის მასალები იბეჭდებოდა მაშინდელ სატირულ-იუმორისტულ გამოცემებში.
კოლექცია პირველ ეტაპზე პოლიტიკოსების, მწერლების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების 100-ზე მეტ კარიკატურას აერთიანებს. ონლაინ კოლექცია ეტაპობრივად განახლდება და დამთვალიერებელს სხვა პერიოდის ნამუშევრებსაც შესთავაზებს. პროექტის მიზანია საზოგადოებას ქართველი მხატვრები განსხვავებული კუთხით გააცნოს.