მოქალაქე ირაკლი ხომასურიძე მოქმედი ხელისუფლებისგან პასუხს ითხოვს, რატომ გაჭიანურდა მისი საქმის სასამართლო პროცესები, სადაც ის უნდა ეცნოთ დაზარალებულად და მიეღო კომპენსაცია სახელმწიფოსგან.
ხომასურიძე წინა ხელისუფლების დროს 2009 წლის 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე იმყოფებოდა და დარბევისას თვალი დაკარგა. მისი თქმით სახელმწიფომ ის დაზარალებულად 2013 წელს სცნო და კომპენსაციის სახით თანხა 80 000 ლარი ჩაურიცხა, თუმცა როგორც თავად აცხადებს, პროცესების გაჭიანურების გამო ეს თანხა იპოთეკაში ჩადებული ბინის დასახსნელად ვერ გამოიყენა.
ხომასურიძის განცხადებას იუსტიციის სამინისტროში გამოეხმაურნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხომასურიძის მოთხოვნილი თანხა წარმოადგენდა სასამართლოს მიერ სახელმწიფოსთვის დაკისრებულ კომპენსაციას 80 000 ლარის ოდენობით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ამ საქმეზე წარმოება დაასრულა ერთ თვეში და ხომასურიძემ კომპენსაცია სწორედ ამ ვადებში მიიღო. ხომასურიძე პროცესების გაჭიანურებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და მთავრობის კანცელარიასთან მეექვსე დღეა შიმშილობს.