სამოქმედო გეგმა შეიცვალა – ხვალიდან „ნამახვანჰესის“ გარშემო პროტესტი დედაქალაქიდან ისევ რიონის ხეობაში ინაცვლებს.
ვარლამ გოლეთიანი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ მოქალაქეებს 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრების ნაცვლად მათ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდა, უკვე დღეს ამ თემაზე განმარტებებს აკეთებს. სტრატეგია ასეთია: თბილისში სამდღიანი აქციების შემდეგ ჰესის აშენების მოწინააღმდეგეებმა ინვესტორ კომპანია „ენკას“ სამუშაოებს ხელი კვლავ ხეობიდან უნდა შეუშალონ. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები თბილისს ხვალ დღის მეორე ნახევარში დატოვებენ. თუმცა, მანამდე დედაქალაქში პროტესტი გრძელდება. გადაკეტილი იყო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეები ფეხით მსვლელობით მივიდნენ. მოგვიანებით კი გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ, გაჩერებული იყო საავტომობილო მოძრაობა. აქციაზე არ მისულა, თუმცა ჰესის მოწინააღმდეგეებს მხარდაჭერას უცხადებს ლევან ვასაძე. ახლად დაფუძნებული მოძრაობის ლიდერი ჰესის აშენების საკითხზე რეფერენდუმს ითხოვს. ამ წუთებში პროტესტი ისევ რესპუბლიკის მოედანზე გრძელდება. საპროტესტო აქციას „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი აშუქებს.
თამუნა წიკლაური დეტალებით.