წერეთლის გამზირზე ყველა მძევალი თავისუფალია. მამაკაცი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემბისის“ დიდუბის ფილიალში ოთხი საათის წინ შეიჭრა, დაკავებულია.
თავდამსხმელი უნიღბოდ იყო და სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდა. მათ შორის იყო აზარტული თამაშების აკრძალვა და ბანკების მხრიდან წლიური საპროცენტო განაკვეთის დაწევა. მოთხოვნები მამაკაცმა სოციალურ ქსელში, პირდაპირ ეთერში გააჟღერა. სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.
სამართალდამცველების მხრიდან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად თავდამსხმელმა ჯერ ექვსი მძევალი გაათავისუფლა, მალევე კი შენობა დანარჩენებმაც დატოვეს. უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმ კორპუსიდან, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალი იყო განთავსებული, მაცხოვრებელთა ევაკუაციაც განხორციელდა. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
თეონა ხუბულავა ადევნებდა თვალს წერეთლის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციას.