ჩვენი მზის სისტემის პლანეტები და თავად მზე გაზისა და მტვრის დიდი ღრუბლისგან გაჩნდნენ. გრავიტაციამ მატერიის დიდი ნაწილი ღრუბლის ცენტრში შეკრიბა, სადაც მზე გაჩნდა. დანარჩენმა მატერიამ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მზის გარშემო მორევივით მოძრაობა დაიწყო; ამ დროს ის ერთმანეთს ეჯახებოდა და ჯგუფდებოდა. ზოგიერთმა ასეთმა შეჯგუფებამ საკმარისი გრავიტაცია დააგროვა, რათა უფრო მეტი გაზი და მტვერი მიეზიდა და ასე, თანდათან წარმოიქმნა პლანეტები.
მეცნიერები დიდხანს კამათობდნენ იმის შესახებ, რა არის სინამდვილეში პლანეტა. 2006 წელს ისინი ერთ განსაზღვრებამდე მივიდნენ. პირველი წესი ისედაც აშკარა იყო: ის მზის გარშემო უნდა მოძრაობდეს. მეორე — უნდა იყოს საკმარისად დიდი, რათა საკმარისი გრავიტაცია ჰქონდეს სფერული ფორმის მისაღებად; და მესამე — საკმარისად დიდი უნდა იყოს, რათა მისმა გრავიტაციამ ორბიტის სიახლოვეს მისივე ზომის სხვა ნებისმიერი ობიექტის მოძრაობა არ დაუშვას.
ასეთი განსაზღვრება ძლიერ არის ფოკუსირებული მზის სისტემაზე. თუმცა, პლანეტები მზის სისტემის მიღმაც არსებობს. მათ ეგზოპლანეტებს უწოდებენ და უკვე ათასობით ასეთი ობიექტია აღმოჩენილი. ისინი ვარსკვლავების გარშემო მოძრაობენ, ზუსტად ისე, როგორც ჩვენს მზის სისტემაში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა პლანეტა ერთნაირად იბადება? არის თუ არა ყველა პლანეტა ვარსკვლავის ნარჩენებისგან წარმოქმნილი?
ეს იმაზეა დამოკიდებული, ვისთან საუბრობ. რა მოხდება, თუ მოტივტივე გაზის პატარა ღრუბლის შუაგულში გრავიტაციის გამო სფერო წარმოიქმნება? ისიც პლანეტაა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იუპიტერი ხომ გაზის გიგანტური სფეროა. საქმე იმაშია, რომ გაზის ასეთ პატარა ობიექტებს მასა არ ჰყოფნით, რათა წარმოიქმნას კაშკაშამ მცხუნვარე ვარსკვლავი.
გაზის ღრუბლები, რომლებსაც საკმარისი მატერია არ აქვთ კაშკაშა ვარსკვლავის წარმოსაქმნელად, სფეროებად ყოველთვის გროვდებოდნენ. ძირითადად, ასეთი ღრუბლები წარმოქმნიან ვარსკვლავის ტიპს, რომელსაც ყავისფერ ჯუჯას უწოდებენ. ისინი პლანეტების უმეტესობაზე გაცილებით დიდია, მაგრამ არც ისე დიდი, რომ გადაიქცნენ ისეთ ვარსკვლავად, რომელიც ბევრ ენერგიას აწარმოებს და კაშკაშებს.