საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან, „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა.
რუსეთის ფედერაცია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში აფხაზეთს სუვერენულ სახელმწიფოდ იხსენიებს და აცხადებს, რომ მისი იურისდიქცია არ ვრცელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, იგი არ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ან რაიმე სახის ზეგავლენას, ამიტომ მოკლებულია შესაძლებლობას, დაიცვას ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები აფხაზეთის ტერიტორიაზე. წერილის თანახმად, რუსეთის წერილობითი არგუმენტაციის საპირისპიროდ, როგორც საჩივარში, ასევე შემდგომ წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში, საია-მ არაერთი მტკიცებულება წარადგინა, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, – ნათქვამია წერილში.
2018 წლის 8 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო და რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისი კითხვებით მიმართა.