შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ ბათუმის პოლიციის სამმართველოსგან. ორგანიზაციის დირექტორის, ბაია პატარაიას განცხადებით, შემთხვევა 2022 წლის იანვარში, ბათუმში მოხდა. უკრაინის მოქალაქე ქალმა პოლიციასაც მიმართა, ჩატარდა გარკვეული ტიპის საგამოძიებო მოქმედებებიც, თუმცა ქალს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს, რის გამოც, მან არასამთავრობო ორგანიზაციას დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა. „საფარმა“ პროკურატურას სავარაუდო დამნაშავის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით უკვე მიმართა, თუმცა აღნიშნულზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.