ხუთი ქართული ოპოზიციური პარტიის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს, დუბლინში ALDE-ს კონფერენციაზე დაამტკიცეს. ვიზიტის შედეგები „სტრატეგია აღმაშენებელის“, „რესპუბლიკური პარტიის“, „თავისუფალი დემოკრატების“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა პრესკონფერენციაზე შეაჯამეს.
მათი თქმით, რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნები ევროკავშირის მმართველი კოალიციის წევრები არიან, რაც ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინს ქმნის. ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ივნისის ბოლოს ამაზე პასუხისმგებლობა სრულად მმართველ გუნდს ეკისრება და დუბლინში ინიცირებული რეზოლუციით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემებს არ უქმნის.