ოპოზიცია: რატომ აპირებს სახელმწიფო 30 მილიონის დახარჯვას ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის აშენებაზე
საპარლამენტო უმცირესობას აინტერესებს, რატომ აპირებს სახელმწიფო 30 მილიონის დახარჯვას ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობის აშენებაზე და რატომ არ ზრდის ხელისუფლება სოციალურ შემწეობებს, მაშინ როცა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტროს ფართი გათავისუფლდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გამოთავისუფლებულ შენობებში სამინისტრო სათანადოდ ვერ დაეტევა და თანხა, რომელიც მშენებლობას მოხმარდება ერთჯერადად ანაკლიის მიწების გამოსყიდვიდან გამოთავისუფლდა. კაკაურიძის თქმით, სოციალური დახმარებების, პენსიების და დევნილთა შემწეობების ზრდა ამ ეტაპზე ბიუჯეტს არ შეუძლია.
რაც შეეხება სამინისტროების გაუქმების შედეგად გამოთავისუფლებულ შენობებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ უძრავ ქონებას ახალი სტრუქტურული ერთეულებისთვის გამოიყენებენ და შესაძლოა, ნაწილის პრივატიზება მოხდეს.