ონში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდა

თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ონში. ონში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი „ონის კასკადის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება. აქციას სვანეთიდან და თბილისიდან ჩასული მხარდამჭერები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები შეუერთდნენ. მათი განცხადებით, სეისმურად არამდგრად რეგიონებში ასეთი მასშტაბის ჰესების მშენებლობა არ უნდა დაუშვან.

აქციის ორგანიზატორების თქმით, გეოლოგებისა და სეისმოლოგების შეფასებით, ჰიდროკასკადის მშენებლობა რაჭის მოსახლეობას, გარემოსა და ბიომრავლფეროვნებას საფრთხეს უქმნის. ონის ჰესების კასკადის მშენებლობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზეა დაგეგმილი. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, კასკადური ტიპის პროექტი ორი ჰესისგან შედგება, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 202 მეგავატია.