რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი

რაჭის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდება.
რაჭის ეროვნული პარკის განვითარების ხელშეწყობისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტში დასრულდა. შეხვედრები გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით შედგა. შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად განიხილეს ეროვნული პარკის საზღვრების დაზუსტებისა და დემარკაციის საკითხები, რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივები, მიმდინარე საქმიანობები და დაგეგმილი პროექტები. ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო თემებზე და პროცესში ჩართული პირებისგან მიეღოთ კომპეტენტური პასუხები.