ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო.

სახელმწიფოს დაფინანსებით ისინი დიაგნოსტიკას და მკურნალობას თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში შეძლებენ. ჯანდაცვის სამინისტროს მოქალაქეთა მიმღებში განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ინგლისურ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული იქნება. ასევე საჭიროა დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები და ბავშვისა და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარების შემდეგ, სპეციალური საბჭო, რამდენიმე დღის განმავლობაში შეარჩევს რომელ ქვეყანაშია მიზანშეწონილი პაციენტის გაგზავნა. საბოლოო არჩევანს კი ოჯახი გააკეთებს. პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროგრამის მიხედვით, წლის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე ბავშვის დაფინანსება იგეგმება.