ხვალიდან, 31 ოქტომბრიდან პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა განახლდება. გასულ კვირას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები 19 კანდიდატიდან შვიდს გაესაუბრნენ. საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ, პროცესი სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებს. ახალი ომბუდსმენი საკანონმდებლო ორგანომ 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველის არჩევას მაღალი კვორუმი – 90 ხმა სჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ხმათა ეს რაოდენობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობას და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევთ.