ლევან იოსელიანის კანდიდატურა ომბუდსმენის პოსტზე

სახალხო დამცველის არჩევის საკითხი ამ დრომდე ღიად რჩება. ჯერ ისევ გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა დეპუტატები პარტია „მოქალაქეების წევრის“, ლევან იოსელიანის კანდიდატურაზე შეჯერებას.

მის კანდიდატურას ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს. ლევან იოსელიანი კომიტეტის სხდომაზე საკუთარი გეგმით წარდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეები“ შესთავაზა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მის მხარდაჭერას არ აპირებს, ნაწილს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პოზიცია საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ აქვთ მმართველ გუნდშიც. საკითხს „ქართული ოცნება“ უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვეტს. სახალხო დამცველის არჩევის მიზნით კენჭისყრა, შესაძლოა, 7 მარტის პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს. ომბუდსმენის არჩევას, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სესიაზე საკანონმდებლო ორგანომ შეუთანხმებლობის გამო, სახალხო დამცველის დამტკიცება ვერ შეძლო და თემა ჩავარდა. ომბუდსმენის არჩევის საკითხი, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.