საქართველოს თავდაცვის მინისტრი პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. ჯუანშერ ბურჭულაძემ ნდობის ჯგუფის წევრებთან ერთად, რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და არსებული საფრთხეები განიხილა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებები და ამ მიზნით განხორციელებული რეფორმები. განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა თავდაცვის უწყების გრძელვადიანი დაგეგმვის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას უზრუნველყოფს. უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს დახურულ ფორმატში თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, თავდაცვის მინისტრმა სამხედრო კოდექსთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.