მსხვილი საინვესტიციო კომპანია საქართველოდან გადის.
„ენკა“ ორი წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს, რომ თურქული კომპანია რიონის ხეობაში „ნამახვანჰესს“ აღარ ააშენებს. ინვესტორი, რომელიც მასშტაბური, 433 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის აშენება-მართვა-ექსპლუატაციაზე იყო პასუხისმგებელი, გადაწყვეტილების მიზეზად ხელშეკრულების პირობების დარღვევას ასახელებს. „ენკას“ პოზიცია წერილობით უკვე გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. ახლა საინტერესოა, გახდება თუ არა 800 მილიონიანი შეჩერებული პროექტი საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის საგანი. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ ხეობაში კაშხლის მშენებლობა შეჩერებული იყო და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მიზნით დამატებითი კვლევებიც ტარდებოდა. პარალელურად, სადავო ჰესის გარშემო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით საერთაშორისო მედიაციის პროცესიც მიმდინარეობდა.
პოლიტიკურ სპექტრში რეაქციები მწვავეა – ოპოზიცია „ენკას“ გასვლაზე მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.