პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების გეგმაა, კვლავ არ მისცენ ჰესის მშენებელი კომპანიის მანქანებს ხეობის მიმართულებით გადაადგილების უფლება. საპროტესტო ტალღის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, დღეს დილითაც სცადა მძიმე ტექნიკამ მოძრაობა სოფელ ნამოხვანის მიმართულებით, თუმცა აქტივისტებმა სატვირთო ავტომანქანებს ამის საშუალება არ მისცეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება რიგით მესამე შეხვედრა ევროკავშირის ჩართულობით.

შეგახსენებთ, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა არ მიიღეს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ადგილები სოფელ ნამოხვანში პროტესტის გასაგრძელებლად და კვლავ გუმათის დასახლებაში იმყოფებიან, სადაც მათ პროტესტის 237-ე ღამე კარვებში გაათენეს.