მზის ქარი არის ქარი, რომელიც მზისგან მოედინება. წარმოადგენს მზის მიერ გამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკების — პროტონების, ელექტრონებისა და პლაზმის ნაკადს.
მზის ქარი წარმოუდგენლად სწრაფად მოძრაობს, იმდენად სწრაფად, რომ შეუძლია გაიაროს მთელი მზის სისტემა, ანუ დაახლოებით ერთი სინათლის წლის მანძილი და წარმოქმნას ჰელიოსფერო. მისი ნაწილაკები სახიფათოა ასტრონავტებისა და კოსმოსური ხომალდებისთვის.
მზის ქარის ნაწილაკებს დედამიწის მაგნიტური ველი შთანთქავს და ამ დროს, პოლუსებთან, წარმოიქმნება ულამაზესი პოლარული ციალი. დედამიწას რომ მაგნიტური ველი არ ჰქონდეს, მზის ქარის რადიაციის გამო, პლანეტაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა.
ზოგჯერ მზის ქარში ხდება აშლილობა, რასაც მზის შტორმს უწოდებენ. ზოგჯერ ის გეომაგნიტურ შტორმსაც იწვევს. 1989 წელს, ასეთმა შტორმმა კანადის პროვინცია კვებეკში მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროსისტემა და მთელი პროვინცია ჩააბნელა.
უდიდესი გეომაგნიტური შტორმი, რაც კაცობრიობას აქვს დაფიქსირებული, 1859 წეს მოხდა. დღეს რომ ამ სიძლიერის შტორმი მოხდეს, ზარალი დაახლოებით ორი ტრილიონი დოლარი იქნება.
მზის ქარი წარმოქმნის კომეტის კუდსაც. როდესაც კომეტა მზესთან ახლოს მიდის, თბება და მისი ყინულის გარკვეული ნაწილი ორთქლდება. იქიდან ამოსული ორთქლი და მტვერი მზის ქარს მიაქვს და კომეტიდან გრძელი კუდის ფორმაზე ჭიმავს. შესაბამისად, ეს კუდი ყოველთვის მზის საპირისპირო მხარეს არის მიმართული.