მზის ზედაპირი ძალიან ქაოსურია. შეიცავს ელექტრულად დამუხტულ აირებს, რომლებიც მძლავრი მაგნიტური ძალების მქონე ზონებს წარმოქმნის. ამ ზონებს მაგნიტური ველები ეწოდება. მზის აირები გამუდმებით მოძრაობს, რა დროსაც მაგნიტურ ველებს ხლართავს, ჭიმავს და გრეხს. ეს მოძრაობა მზის ზედაპირზე წარმოქმნის დიდ აქტივობას, რასაც მზის აქტივობას უწოდებენ.
ზოგჯერ მზის ზედაპირი ძლიერ აქტიურია. სხვა დროს კი ყველაფერი უფრო მშვიდადაა. მზის აქტივობა მზის ციკლის ეტაპების მიხედვით იცვლება. მზის აქტივობამ შეიძლება გავლენა იქონიოს დედამიწაზეც; შესაბამისად, მეცნიერები ამ აქტივობას ყოველდღიურად დეტალურად აკვირდებიან.
მზის ლაქებს უწოდებენ მზის ზედაპირზე წარმოქმნილ ბნელ ზონებს. ისინი მუქად იმიტომ ჩანს, რომ მზის ზედაპირის სხვა ნაწილებთან შედარებით უფრო ცივები არიან. მიუხედავად ამისა, მზის ლაქების ტემპერატურა მაინც საკმაოდ მაღალია, დაახლოებით 3593 გრადუსი ცელსიუსი.
რატომ არის მზის ლაქები შედარებით ცივი? ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი წარმოიქმნება იქ, სადაც მაგნიტური ველები განსაკუთრებით ძლიერია. ეს მაგნიტური ველები კი ასე ძლიერი იმიტომ არის, რომ სიცხის ნაწილს ისინი ქვეშ აკავებენ და ზედაპირამდე არ უშვებენ.
მზის ლაქების სიახლოვეს მაგნიტური ველის ხაზები ხშირად იხლართება, ერთმანეთს კვეთს და ხელახლა გადაეწყობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის უეცარი აფეთქება, რასაც მზის ამოფრქვევას, იგივე მზის ანთებას უწოდებენ. ამ დროს კოსმოსში დიდი ოდენობით რადიაცია გამოიყოფა. თუ მზის ამოფრქვევა ძალიან ძლიერია, გამოთავისუფლებულმა რადიაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს დედამიწაზე არსებულ კომუნიკაციებს.
მზის ამოფრქვევებს ხშირად თან ახლავს კორონარული მასის ამოფრქვევებიც. ეს გახლავთ მზიდან წამოსული რადიაციისა და ნაწილაკების უზარმაზარი ბუშტები. როდესაც მზის მაგნიტური ველის ხაზები უცაბედად გადაეწყობა, ისინი კოსმოსში ძალიან მაღალი სიჩქარით ფეთქდებიან.
როცა კორონარული მასის ამოფრქვევის დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ახლო ზონას აღწევს, ცაში ძლიერ ნათებას, იგივე პოლარულ ციალს იწვევს. განსაკუთრებით ძლიერი კორონარული მასის ამოფრქვევა საფრთხის შემცველია ჩვენი ელექტროსისტემებისთვის, რადგან უარეს შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს მისი გათიშვა. მზის ანთებები და კორონარული მასის ამოფრქვევები ყველაზე მძლავრი აფეთქებებია მთელ მზის სისტემაში.