მზის ციკლი #კოსმოსი

ჩვენი მზე ელექტრულად დამუხტული გაზის უზარმაზარი ბურთია. ეს დამუხტული გაზი მოძრაობს და მძლავრ მაგნიტურ ველს წარმოქმნის. მზის მაგნიტურ ველს გარკვეული ციკლურობა ახასიათებს, რასაც მზის ციკლს უწოდებენ.

ყოველ 11 წელიწადში ერთხელ, მზის მაგნიტური ველი მთლიანად ტრიალდება, ანუ მზის ჩრდილოეთ და სამხრეთ მაგნიტური პოლუსები ადგილებს ცვლიან. გავა კიდევ 11 წელიწადი და ყველაფერი ხელახლა იწყება.

მზის ციკლი გავლენას ახდენს მზის ზედაპირზე, მაგალითად, მზის ლაქებზე, რომლებსაც მზის მაგნიტური ველები წარმოქმნის. მაგნიტური ველების ცვლილებასთან ერთად, იცვლება მზის ზედაპირის აქტივობაც.

მზის აქტივობაზე დაკვირვების ერთი გზაა მზის ლაქების დათვლა. მზის ციკლის დასაწყისს მზის მინიმუმი ეწოდება; ამ დროს მზის ლაქების რაოდენობა მინიმალურია. დროთა განმავლობაში, მზის აქტივობა და მზის ლაქების რაოდენობა იზრდება.

მზის ციკლის შუა პერიოდში დგება მზის მაქსიმუმი, ანუ, როდესაც მზეს ზედაპირზე ყველაზე მეტი ლაქა აქვს. ციკლის დასასრულს, კვლავ მზის მინიმუმი დგება და შემდეგ ისევ ახალი ციკლი იწყება.

ციკლის მიმდინარეობისას ასევე იზრდება გიგანტური ამოფრქვევების რაოდენობა, მაგალითად, მზის ანთებებისა და კორონარული მასის ამოფრქვევების. ასეთი ამოფრქვევების დროს, ენერგიისა და მატერიის დიდი ჭავლები კოსმოსში იტყორცნება.

ამ აქტივობას გავლენა აქვს დედამიწაზეც. მაგალითად, ამოფრქვევები ცაში ნათებას იწვევს, რასაც პოლარულ ციალს უწოდებენ, ასევე გავლენას ახდენს რადიო კომუნიკაციებზე. ექსტრემალურ ამოფრქვევებს გავლენა აქვთ დედამიწის ელექტროსისტემებზეც კი.

ზოგიერთი ციკლის მაქსიმუმის დროს შეიმჩნევა დიდი აქტივობა და წარმოიქმნება ბევრი მზის ლაქა. ზოგი ციკლის დროს კი აქტივობა მცირეა და მხოლოდ რამდენიმე მზის ლაქა ჩნდება. მეცნიერები მუხლჩაუხრელად მუშაობენ, რათა უკეთესად შევძლოთ მზის ციკლების სიძლიერისა და ხანგრძლივობის პროგნოზირება. შედეგად, წინასწარ გვეცოდინება მზის გარემო პირობები, რასაც კოსმოსურ ამინდს უწოდებენ.

მზის ციკლის პროგნოზი მეცნიერებს ჩვენი რადიო კომუნიკაციების, ხელოვნური თანამგზავრებისა და ასტრონავტების დაცვაში ეხმარება.

მზის აქტივობას გავლენა აქვს ხელოვნური თანამგზავრების ელექტრულ ინსტრუმენტებზე. რადიაცია სახიფათოა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტთათვის. თუკი მზის ციკლის აქტიური დრო წინასწარ გვეცოდინება, დედამიწის ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრებს უსაფრთხო რეჟიმზე გადავიყვანთ და ასტრონავტებიც გადადებენ ღია კოსმოსში გასვლებს.