მზე ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავია, რომელიც მზის სისტემის ცენტრშია მოთავსებული. სისტემის ყველა პლანეტა მის გარშემო მოძრაობს, თავად მზის სისტემა კი გარს უვლის ჩვენი გალაქტიკის ცენტრს.
დედამიწაზე არსებული სიცოცხლე მზის სინათლესა და სითბოზეა დამოკიდებული. ჩვენი პლანეტა მზისგან დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. შემდეგი უახლოესი ვარსკვლავი ჩვენგან მასზე 250 000-ჯერ შორს არის. სწორედ ამიტომ ჩანს ცაში მზე ყველაზე კაშკაშა ობიექტად.
მზე მზის სისტემის უდიდესი ობიექტია. მისი დიამეტრი დაახლოებით 1392 ათასი კილომეტრია, ანუ დედამიწის დიამეტრზე 109-ჯერ უფრო დიდი.
მზე ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება. მისი ბირთვი ძალიან ცხელია. ტემპერატურა იქ დაახლოებით 15 მილიონ 600 ათას გრადუს ცელსიუსამდე აღწევს. ბირთვში მჭიდროდ არის შეკუმშული წყალბადი, რომელსაც დიდი წნევა აწვება და მას ჰელიუმად გარდაქმნის. ამ პროცესის შედეგად დიდი ოდენობით ენერგია გამოიყოფა. ერთ წამში მზე 600 მილიონ ტონაზე მეტ წყალბადს წვავს, ანუ ჰელიუმად გარდაქმნის.
მზე დაახლოებით 4-ნახევარი მილიარდი წლის წინ გაჩნდა. ამჟამად მასში ძირითადად წყალბადია, ცოტა კი ჰელიუმი. მილიარდობით წლის შემდეგ, მზე მთელი თავისი წყალბადის მარაგს გახარჯავს და ჩაქრება.
ბირთვის მსგავსად, მზის ზედაპირიც აირებისგან შედგება. ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 6000 გრადუსი ცელსიუსია. ზოგჯერ ზედაპირზე ჩნდება ცივი, ბნელი მონაკვეთები, რომლებსაც მზის ლაქებს უწოდებენ. მზის ლაქები 11-წლიანი ციკლით ჩნდებიან და ქრებიან.
მზეს გარს აკრავს აირის ფენები, რომლებსაც ატმოსფეროს უწოდებენ. ზოგჯერ, მზის ქვედა ატმოსფეროდან ზემოთ იფრქვევა ენერგიის დიდი ნაკადები — ამ მოვლენას მზის ანთებას უწოდებენ. ატმოსფეროს გარე ნაწილს გვირგვინი, იგივე კორონა ეწოდება. ეს ზონა ძალიან ცხელია და მისი ტემპერატურა 2 მილიონ გრადუს ცელსიუსამდე აღწევს.
მზის ცხელი გვირგვინი ელექტრული მუხტების მქონე ციცქნა ნაწილაკებს ისვრის. ამ ნაწილაკთა ნაკადს მზის ქარი ეწოდება. ეს ქარი მთელი მზის სისტემის მასშტაბით მოძრაობს, თანაც ძალიან ჩქარა — წამში 400 კილომეტრის სიჩქარით. ძლიერი მზის ქარები დედამიწაზე ხელს უშლის რადიოსიგნალებს. გარდა ამისა, ისინი ასევე წარმოქმნიან კაშკაშა, ფერად ნათებას, იგივე ციალს, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების თავზე ჩნდება.