საქართველოში მყინვარული ხეობების კვლევის მასშტაბური პროექტი დაიწყო.
შვეიცარიელმა ექსპერტებმა კავკასიონის ქედის კალთები ვერტმფრენით უკვე დაათვალიერეს და შესაბამისი ფოტო და ვიდეო მასალაც გადაიღეს. უცხოელი სპეციალისტები ახლა შეგროვებულ მასალაც გააანალიზებენ, რის შემდეგაც მომეტებული რისკის შემცველი ხეობები შეირჩევა და კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმება. მსგავსი კვლევა საქართველოში პირველად ტარდება და მთავარი მიზანი კლიმატური ცვლილებების ფონზე უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და სტიქიის შემთხვევაში ადამიანური მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებაა. პარალელურად, ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის სადგურების მონტაჟი გრძელდება, რაც სპეციალისტებს საშუალებას მისცემს საფრთხის შემცველი ბუნებრივი პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ.