პროექტი „დაიკარგე Wizz air-თან ერთად“ 

ცნობილი მასშტაბური პროექტი „დაიკარგე ვიზ ეართან ერთად“ დასრულდა.

სამი დღის განმავლობაში ცნობილ ბლოგერებს ქუთაისმა და ზოგადად იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა. დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდა. კონკურსის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200-მდე ინფლუენსერსა და ბლოგერს ავიაკომპანიისგან უფასო სამგზავრო ბილეთები გადაეცათ, სპეციალური ჩარტერი აბუ დაბიდან ქუთაისის აეროპორტში დაეშვა, ისე რომ მათთვის დანიშნულების ადგილი უცნობი იყო. პროექტის მონაწილე 20 ქვეყნის 200-მდე ინფლუენსერმა და ბლოგერმა სამი დღის განმავლობაში მოინახულა მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, წყალტუბო, კურორტი საირმე. დაათვალიერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ვიზიტის ბოლო დღეს პრომეთეს მღვიმე მოინახულეს და სამეგრელოში, მარტვილის კანიონში გადაინაცვლეს. პროექტის მონაწილეებმა ქუთაისის აეროპორტიდან სპეციალური ჩარტერით დატოვეს საქართველო. აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით მათ გაფრენისას საჩუქრები გადაეცათ.